დირექტორის მისალმება
დირექტორის მისალმება
„ყოველ საზოგადოებაში თითოეულ თაობას თავისი საკუთარი ტვირთი აწევს და ისტორიულ ცხოვრებაში ყოველ თაობას უნდა შეეძლოს თქმა: სარგებლობა მოვუტანე ჩემს ხალხს, ახალი სინათლე ვაჩვენე, ახალი ძალა შევძინე და ახალი გზა გავუხსენი უკეთესი ცხოვრებისაკენ.”
ნიკო ნიკოლაძე
ისტორიულად ქალაქი ქუთაისი განათლების მნიშვნელოვანი კერა გახლავთ. გავიაზრეთ რა ეს პასუხისმგებლობა, ჩვენი სკოლის ,ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის, სახით შევქმენით მომავალი თაობის სამჭედლო.
ჩვენი სკოლის მიზანია, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე ღირსეული, ცხოვრებისთვის მომზადებული, კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებები და ვალდებულებები.
მეამაყება, რომ ამ ცოდნის ტაძრის საძირკვლის ჩაყრიდან დღემდე მოკრძალებული წვლილი მიმიძღვის მის განვითარებასა და სრულყოფაში. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი აერთიანებს წესიერ, კომპეტენტურ, კვალიფიციურ პედაგოგებს, რომლებიც დიდი შრომის ფასად ქმნიან ღირსეულ მომავალს, ძალ-ღონეს არ იშურებენ მაღალი აკადემიური მიღწევების მქონე მოსწავლეთა აღსაზრდელად, მათი შემოქმედებითი, კვლევითი, სოციალური უნარების განსავითარებლად და ქმნიან თბილ, კეთილგანწყობილ, საინტერესო გარემოს სამუშაოდ. სკოლას ჰყავს წაჩინებული კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული და საერთაშორისო გამოცდები, აიღეს გრანტები. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ და იმარჯვებენ რესპუბლიკურ თუ მსოფლიო ოლიმპიადებსა და კონკურსებში. აქტიურად იღებენ მონაწილეობას სოციალურ პროექტებში, ლამაზად წერენ სკოლის ისტორიას. ჩვენი სკოლის წარმატებებს შარავანდედად დაედგა კურსდამთავრებულ ანასტასია ლელაძის შთამბეჭდავი წარმატება - ჰარვარდის უნივერსიტეტში 95 %-იანი გრანტით ჩარიცხვა.
მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, როგორც რიგითი წევრი, ამაყი ვარ, რომ მყავს ისეთი გუნდი , ვმუშაობ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით. მათი დამსახურებით სკოლამ შეძლო საპატიო ადგილის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში _ იცნობენ და კონკურენტუნარიან დაწესებულებად აღიარებენ.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმს აქვს მკვეთრად გამოხატული ნიშა: განათლების ხარისხის მაღალი სტანდარტი, მოსწავლეთა ხელშეწყობა მომავალი პროფესიის არჩევაში, ტოლერანტული გარემო, რომელსაც სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების მატარებელი ადამიანები ქმნიან.
და ბოლოს, მინდა მოგმართოთ დიდი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, სიტყვებით:
„არასოდეს შეწყვიტოთ თვითგანვითარებისთვის მუშაობა, არ დაგავიწყდეთ, რომ რამდენიც უნდა ისწავლოთ, რამდენიც უნდა იცოდეთ, ცოდნასა და განათლებას საზღვარი არა აქვს!“